უფლებადამცველი
„მოექეცით ადამიანებს ისე, თითქოს ისინი ისეთები არიან, როგორებიც უნდა იყვნენ და დაეხმარებით მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლინებაში.“
უფლებადამცველი (INFJ) შესაძლოა ხასიათის უიშვიათესი ტიპი იყოს, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის ადამიანები წარუშლელ კვალს ტოვებენ სამყაროზე. არიან რა იდეალისტები და პრინციპულები, ისინი არასდროს ნებდებიან – მათ ფეხზე წამოდგომისა და სიტუაციის შეცვლის სურვილი ამოძრავებთ. ამგვარი ხასიათის მქონე ადამიანებისთვის წარმატება მომდინარეობს არა ფულიდან ან სტატუსიდან, არამედ სრულყოფილების, სხვების დახმარებისა და უკეთესი სამყაროს შექმნის სურვილიდან.
ამაღლებული მიზნებისა და ამბიციების მქონე უფლებადამცველი არ უნდა იქნეს გაიგივებული უმოქმედო მეოცნებესთან. ამ ტიპის ხასიათის მქონე ადამიანები კეთილსინდისიერები არიან და იშვიათად გრძნობენ კმაყოფილებას მანამ, სანამ არ გააკეთებენ იმას, რაც სწორად მიაჩნიათ. მოწოდებით კეთილსინდისიერები, ისინი საკუთარი ფასეულობების მკაფიო გაგებით ცხოვრობენ და მათი მიზანია არასდროს დაავიწყდეთ, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – არა სხვა ადამიანების და ზოგადად საზოგადოების თანახმად, არამედ საკუთარ სიბრძნეზე და ინტუიციაზე დაყრდნობით.
მიზნის ძიება
ალბათ იმ მიზეზით, რომ მათი ხასიათის ტიპი არც ისე გავრცელებულია, უფლებადამცველები – გააზრებულად თუ გაუზრებლად – სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად მიიჩნევენ თავს. მათი მდიდარი შინაგანი სამყაროსა და ცხოვრების მიზნის პოვნის ღრმა, მტკიცე სურვილის გამო ისინი ყოველთვის ვერ ერგებიან გარშემომყოფებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უფლებადამცველები ვერ იღებენ სიამოვნებას სოციალურ წრეში მიღებიდან ან ახლო ურთიერთობებიდან - უბრალოდ ისინი ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათი არ ესმით ან რომ სამყაროსთან წინააღმდეგობაში არიან.
საბედნიეროდ, შეგრძნება იმისა, რომ ფეხს ვერ უწყობენ გარემოს, არ თრგუნავს უფლებადამცველების მტკიცე სურვილს მსოფლიოს უკეთეს ადგილად გარდაქმნისა. უფლებადამცველებს აწუხებთ უსამართლობა და ისინი, როგორც წესი, უფრო მეტს ფიქრობენ ალტრუიზმზე, ვიდრე პერსონალურ სარგებელზე. მათი მოწოდებაა გამოიყენონ საკუთარი ძლიერი მხარეები - მათ შორის კრეატიულობა, წარმოსახვა და სენსიტიურობა სხვების განწყობის გასაუმჯობესებლად და თანაგრძნობისათვის.
ბევრი უფლებადამცველი სხვების დახმარებას ცხოვრების მისიად აღიქვამს და ყოველთვის ცდილობს იბრძოლოს იმისათვის, რაც სწორია. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები იღწვიან საზოგადოების ღრმა პრობლემების მოგვარებისკენ იმ იმედით, რომ უსამართლობა და გაჭირვება შესაძლოა წარსულში დარჩეს. თუმცა დროდადრო უფლებადამცველები შესაძლოა ისე ძლიერად კონცენტრირდნენ საკუთარ იდეალებზე, რომ დაავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა – ქცევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და გადაწვა.
კავშირი სხვებთან (და საკუთარ თავთან)
უფლებადამცველები შეიძლება იყვნენ ინტროვერტები, თუმცა ისინი აფასებენ სხვებთან ღრმა, ავთენტურ ურთიერთობებს. ძალიან ცოტა რამეს თუ მოაქვს ისეთი ბედნიერება ხასიათისამ ტიპის მქონე ადამიანებისთვის, როგორც სხვა ადამიანის ნამდვილად ცნობას – და ამავდროულად მის გაგებას სხვების მიერ. უფლებადამცველებს მრავლისმეტყველი საუბრები გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, ვიდრე მსუბუქი საუბრები და ცდილობენ დაამყარონ თბილი და სენსიტიური კომუნიკაცია. ამგვარმა ემოციურმა გულახდილობამ და გამჭრიახობამ შესაძლოა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს გარშემომყოფებზე.
საზრიანი და ემპათიური უფლებადამცველები დიდ ენერგიასა და ზრუნვას იჩენენ ურთიერთობებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალოგიურს გრძნობენ სხვებისგანაც. უფლებადამცველები გააზრებულად და ფრთხილად მოქმედებენ და შესაძლოა განაწყენდნენ, თუ სხვები მათ კარგ განზრახვებს ვერ აღიქვამენ. შედეგად კი ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანებისთვის კონსტრუქციული კრიტიკაც შესაძლოა ძალიან პირადი ან მტკივნეული იყოს მისაღებად.
პირადი მისია
ბევრი უფლებადამცველი ფიქრობს, რომ მათ ცხოვრებაში უნიკალური დანიშნულება აქვთ – მისია, რის გამოც ამ სამყაროში აღმოჩნდნენ. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტი ამ მიზნის ძიებაა – ხოლო მას შემდეგ, რაც იპოვიან, ცდილობენ სათანადოდ აღასრულონ ის.
უფლებადამცველები იშვიათად ნებდებიან, როდესაც უთანასწორობის ან არასამართლიანობის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე – პირიქით, ისინი საკუთარ ინტუიციასა და თანაგრძნობას იყენებენ გამოსავლის საპოვნელად. მათი თანდაყოლილი უნარით, დააბალანსონ გონებისა და გულის კარნახი, უფლებადამცველები მზად არიან გამოასწორონ სამყაროს შეცდომები, სულერთია დიდი იქნება ისინი თუ პატარა. ამ ხასიათის მქონე ადამიანებისთვის საჭიროა იმის დახსომება, რომ სხვებზე ზრუნვისას არ უნდა დაავიწყდეთ შეჩერება და საკუთარ თავზე ზრუნვაც.