მედიატორი
მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ჩუმ ან მოკრძალებულ ადამიანებად მივიჩნიოთ, მედიატორებს (INFP) აქვთ ენერგიული, მგზნებარე შინაგანი ცხოვრება. კრეატიული და წარმოსახვით სავსე მედიატორები სიხარულით იძირებიან ოცნებებში, იგონებენ ყველანაირ ამბებს და მართავენ საუბრებს გონებაში. ეს პიროვნება ცნობილია სენსიტიურობით - მედიატორეები შეიძლება გამოხატავდნენ ღრმა ემოციურ რეაქციებს მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ბუნებაზე და მათ გარშემო მყოფ ადამიანებზე.
იდეალისტ და ემპათიურ მედიატორებს ძლიერი, სულიერი ურთიერთობები სწყურიათ და ისინი სხვების დახმარებას თავიანთ მოწოდებად აღიქვამენ. თუმცა იმის გამო, რომ პიროვნების ეს ტიპი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, მედიატორები ხანდახან თავს მარტოსულად ან შეუმჩნევლად გრძნობენ, მიტოვებულებად სამყაროსგან, რომელიც არ აფასებს მათ უნიკალურ თვისებებს.
ყველაფერი, რაც ოქროსფერია, არ ბრწყინავს; ყველა მოხეტიალე არ არის დაკარგული; რაც ძველი და ძლიერია, არ ხმება; ღრმა ფესვებში ყინვა ვერ აღწევს.
ემპათიის ნიჭი
მედიატორებს ასევე ახასიათებთ გულწრფელი ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნების სიღრმის მიმართ. არიან რა ინტროსპექტიულნი, ისინი დახვეწილად ერწყმიან საკუთარ აზრებსა და გრძნობებს, თუმცა სურთ მათ გარშემო მყოფ ადამიანებსაც გაუგონ. მედიატორები თანამგრძნობები არიან და არ განსჯიან. ისინი ყოველთვის მზად არიან მოისმინონ სხვების ისტორიები. როდესაც მათთან ვინმე იხსნება ან თანაგრძნობის მიზნით მიმართავს, მათთვის დიდი პატივია მოსმენა და დახმარების გაწევა.
ემპათია პიროვნების ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭია, თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება მათთვის პასუხისმგებლობას წარმოადგენდეს. მედიატორებს მსოფლიო პრობლემები ტვირთად აწევთ მხრებზე და შეიძლება დაუცველები აღმოჩნდნენ სხვა ადამიანების ნეგატიური განწყობის ან აზროვნების გათავისების პროცესში. თუ არ ისწავლიან საზღვრების დაწესებას, მედიატორები შეიძლება ზედმეტად გადაიღალნონ იმაზე ფიქრით, თუ რამდენი არასწორი რამ ხდება, რაც გამოსწორებას საჭიროებს.
სიმართლის თქმა
არაფერი არ აწუხებთ მედიატორებს იმაზე მეტად, ვიდრე თავის მოჩვენება ისეთად, როგორიც არ არიან. მგრძნობიარე და ავთენტური მედიატორები მიისწრაფვიან შემოქმედებითი თვითგამოხატვის შესაძლებლობებისკენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ცნობილი მედიატორი არის პოეტი, მწერალი, მსახიობი და მხატვარი. მათ არ შეუძლიათ არ იფიქრონ ცხოვრების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. გზადაგზა ისინი ოცნებობენ სხვადასხვა სახის ისტორიებზე, იდეებსა და შესაძლებლობებზე.
მათი წარმოსახვის უნარის წყალობით, მედიატორებს შეუძლიათ აღმოაჩინონ როგორც საკუთარი შინაგანი ბუნება, ისე მათი ადგილი სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი თვისებაა, ისინი ხანდახან ოცნებებისა და ფანტაზიებისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, ვიდრე მოქმედებისკენ. იმედგაცრუების, დაუკმაყოფილებლობის ან ქმედუუნარობის თავიდან აცილების მიზნით, მედიატორები უნდა დარწმუნდნენ, რომ ისინი დგამენ ნაბიჯებს მათი ოცნებებისა და იდეების განსახორციელებლად.
მოწოდების ძიებაში
ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები, როგორც წესი, ხშირად გრძნობენ, რომ არ აქვთ მიმართულება ან რომ გაჭედილნი არიან ერთ ადგილას, მანამ, სანამ არ აღმოაჩენენ თავიანთი ცხოვრების მიზანს. ბევრი მედიატორისთვის ეს მიზანი დაკავშირებულია სხვების გახალისებასთან და მათ უნართან, განიცადონ სხვა ადამიანების ტანჯვა ისე, როგორც საკუთარი. მიუხედავად იმისა, რომ მედიატორებს ყველას დახმარება სურთ, მათ თავიანთი ენერგია და ძალისხმევა სწორად უნდა მიმართონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უბრალოდ გადაიწვან.
საბედნიეროდ, როგორც გაზაფხულის ყვავილი, მედიატორების კრეატიულობა და იდეალიზმი ყველაზე ბნელი პერიოდის შემდეგაც კი შეიძლება განახლდეს. მიუხედავად იმისა, რომ იციან, სამყარო ვერასოდეს იქნება სრულყოფილი, მედიატორები მაინც ცდილობენ მის გაუმჯობესებას როგორც შეუძლიათ. სწორი საქმის კეთების ამ რწმენამ შესაძლოა ახსნას ის ფაქტი, თუ რატომ შთააგონებენ ეს პიროვნებები ადამიანებს თანაგრძნობას, სიკეთეს და სილამაზეს ყველგან, სადაც არ უნდა წავიდნენ.