ლოგიკოსი
მთავარია არ შეწყდეს კითხვის დასმა. ცნობისმოყვარეობის არსებობას თავისი მიზეზი აქვს.
ლოგიკოსები (INTP) ამაყობენ თავიანთი უნიკალური ხედვებითა და ძლიერი ინტელექტით. მათ არ შეუძლიათ არ ეძიონ სამყაროს საიდუმლოებები, რითიც შესაძლებელია აიხსნას, თუ რატომ იყო ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსებიდან და მეცნიერებიდან რამდენიმე ლოგიკოსი. პიროვნების ეს ტიპი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ კრეატიული და გამომგონებლური ნიჭის მქონე ლოგიკოსებს არ ეშინიათ იყვნენ ხალხისგან გამორჩეულები.
ცხოვრება გონებით
ლოგიკოსები ხშირად იძირებიან ფიქრებში, თუმცა ეს ყოველთვის ცუდი არაა. ამ ხასიათის მქონე ადამიანები თითქმის არასდროს წყვეტენ ფიქრს. გაღვიძების მომენტიდან მათი გონება სავსეა იდეებით, კითხვებითა და შეხედულებებით. ხანდახან ისინი შესაძლოა საკუთარ გონებაში სრულფასოვან დებატებსაც კი მართავდნენ.
გარედან ლოგიკოსები შეიძლება მეოცნებეები ჩანდნენ. ისინი დაფიქრებულების, განცალკევებულებისა და ცოტა თავშეკავებულების რეპუტაციით სარგებლობენ. ეს ხდება იქამდე, სანამ არ შეეცდებიან მთელი გონებრივი ენერგიის მიმართვას კონკრეტულ მომენტზე ან კონკრეტულ ადამიანზე, რაც შეიძლება ცოტა არასასიამოვნო იყოს ყველასთვის. რა რეჟიმშიც არ უნდა იყვნენ, ლოგიკოსები ინტროვერტები არიან და ხშირად იღლებიან გადაჭარბებული სოციალიზაცით. გრძელი დღის შემდეგ მათ საკუთარ ფიქრებთან განმარტოება სურთ.
მაგრამ შეცდომა იქნებოდა ვიფიქროთ, რომ ლოგიკოსები არამეგობრულები ან დაძაბულები არიან. როდესაც ისინი ხვდებიან ადამიანს, რომელსაც შეუძლია თანხვედრაში იყოს მათ გონებრივ ენერგიასთან, ისინი აბსოლუტურად ანათებენ, გადადიან ერთი ფიქრიდან მეორეზე. ცოტა რამ თუ აძლიერებთ მათ ისე, როგორც შესაძლებლობა, გაცვალონ იდეები ან დატკბნენ ცხარე დებატებით სხვა ცნობისმოყვარე პირთან.
ძვირფასო ლოგიკოსო, ეს ელემენტარულია
ლოგიკოსებს უყვართ შაბლონების ანალიზი. შესაძლოა ამ ტიპის ადამიანებს გაუცნობიერებლად ხშირად ჰქონდეთ შერლოკ ჰოლმსის მსგავსი უნარი შეუსაბამობებისა და დარღვევების შემჩნევისა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი იდეაა მათი მოტყუება.
ირონიაა, მაგრამ ლოგიკოსები ყოველთვის არ ასრულებენ თავიანთ სიტყვებს. ისინი იშვიათად არიან არაკეთილსინდისიერები, მაგრამ მათი აქტიური გონება ხშირად ამუშავებს ისეთ იდეებსა და თეორიებს, რომლებზეც სრულყოფილად არც კი უფიქრიათ. მათ შეიძლება შეიცვალონ აზრი რაიმეზე, დაწყებული უქმეების გეგმებიდან დამთავრებული ფუნდამენტური მორალური პრინციპებით, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ თავიდანვე ასე ჰქონდათ გადაწყვეტილი. გარდა ამისა, ისინი ხშირად სიამოვნებით ირგებენ ეშმაკის ადვოკატის როლს, რათა გააგრძელონ საინტერესო დისკუსია.
ლოგიკოსებს შეუძლიათ მთელი დღე გაატარონ იდეებსა და შესაძლებლობებზე ფიქრში და ამას ხშირად აკეთებენ. თუმცა ამ იდეების რეალობად ქცევაზე პრაქტიკული, ყოველდღიური მუშაობა ყოველთვის არ აღვიძებს მათ ინტერესს. საბედნიეროდ, როდესაც საქმე ეხება რთული, მრავალშრიანი პრობლემის გადაჭრას და კრეატიული გადაწყვეტილების გზის ძიებას, პიროვნების სულ რამდენიმე ტიპს აქვს ლოგიკოსების მსგავსი კრეატიული ნიჭი და პოტენციალი.
სამყაროს საიდუმლოებანი
ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანებს სამყაროში ყველაფრის ცოდნა სურთ, მაგრამ განსაკუთრებით ერთი იწვევს მათ გაოცებას: ადამიანის ბუნება. როგორც სახელიდან ჩანს, ლოგიკოსები თავს ყველაზე კარგად ლოგიკისა და რაციონალურობის სამყაროში გრძნობენ. შედეგად, ისინი შეიძლება დაიბნენ ალოგიკურ, ირაციონალურ სიტუაციებში, როდესაც გრძნობები და ემოციები გავლენას ახდენენ ადამიანების, მათ შორის მათ, ქცევაზე.
ეს არ ნიშნავს, იმას რომ ლოგიკოსები უგრძნობები არიან. მათ, როგორც წესი, სურთ ემოციური მხარდაჭერა გაუწიონ თავიანთ მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, თუმცა ზოგჯერ არ იციან როგორ. და იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ შეარჩიონ მხარდაჭერის შეთავაზების საუკეთესო, ყველაზე ეფექტური გზა, შეიძლება თავი შეიკავონ რაიმეს გაკეთების ან თქმისგან.
ამგვარ „ანალიზის პარალიზს“ შეუძლია გავლენა მოახდინოს ლოგიკოსთა ცხოვრების მრავალ ასპექტზე. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ბევრი იფიქრონ ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზეც კი. ეს კი მათ თავს არაეფექტურად და ჩაკეტილად აგრძნობინებს და იმდენად გადაღლილნი არიან ფიქრების ნაკადით, რომ უჭირთ საქმის კეთება.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ლოგიკოსები დიდხანს არ რჩებიან ამ მდგომარეობაში. მათი უნიკალური ძალები ეხმარება მათ თავი დააღწიონ იმ ჩიხებს, რომლებშიც პერიოდულად ხვდებიან. შემოქმედებითობისა და ღია გონების საშუალებით, ლოგიკოსებს შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ სრულ პოტენციალს - როგორც მოაზროვნეებს, ასევე ბედნიერ, ჩამოყალიბებულ ადამიანებს.