თავგადასავლის მაძიებელი
მთელი დღის განმავლობაში ვიცვლები. როდესაც ვიღვიძებ, სხვა ადამიანი ვარ, ხოლო როცა ვიძინებ, ვგრძნობ, რომ სულ სხვანაირი ვარ.
თავგადასავლების მაძიებლები (ISFP) ნამდვილი ხელოვანები არიან – თუმცა არა აუცილებლად სტანდარტული გაგებით. ამ ტიპის ხასიათის მქონე პიროვნებისთვის ცხოვრება თვითგამოხატულებისთვის განკუთვნილი სამხატვრო ტილოა. ჩაცმის სტილითა და თავისუფალი დროის გატარების თავიანთი მეთოდით ისინი ნათლად გამოხატავენ საკუთარ, უნიკალურ ინდივიდუალურობას.
თავგადასავლების მაძიებლები ნამდვილად უნიკალურები არიან. ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები, რომლებსაც ცნობისმოყვარეობა და ახალი გამოცდილებების მიღების სურვილი ამოძრავებთ, ხშირად ფლობენ გატაცებებისა და ინტერესების ფართო სპექტრს. თავგადასავლების მაძიებლები შესაძლოა ყველაზე საინტერესო ადამიანები იყვნენ, ვისაც კი ოდესმე შეხვდებით, ვინაიდან მათ აქვთ რაღაც ახლის აღმოჩენის სურვილი და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობის უნარი. ირონია ის არის, რომ თავმდაბლური და მოკრძალებული ხასიათის გამო, ისინი საკუთარ თავს ახასიათებენ, როგორც პიროვნებას, რომელიც „საკუთარ საქმიანობაზე არის ორიენტირებული“. ასე რომ, ისინი შესაძლოა ვერც კი აანალიზებდნენ, თუ რამდენად გამორჩეულები არიან.
ღია გონება და მისი განსაკუთრებულობა
თავგადასავლების მაძიებლებს ცხოვრებისადმი მოქნილი, ადაპტირებადი მიდგომა აქვთ. ხასიათის ზოგიერთი ტიპის მქონე ადამიანები მკაცრ განრიგებსა და რუტინებს მიჰყვებიან. მაგრამ არა თავგადასავლების მაძიებლები. ისინი ტკბებიან თითოეული დღით და სპონტანურად მოქმედებენ. ამ ტიპის ადამიანები დიდ სივრცეს იტოვებენ მოულოდნელი თავგადასავლებისთვის – შედეგად, მათი ყველაზე ძვირფასი მოგონებების უმეტესობა სპონტანური, მოულოდნელი გასეირნებებითა და თავგადასავლებით, იქნება ეს მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად, იქმნება.
ამგვარი მოქნილი მსოფლმხედველობა თავგადასავლების მაძიებლებს გამორჩეულად ტოლერანტულსა და ფართო თვალთახედვის მქონეებს ხდის. ამ ხასიათის მქონე ადამიანებს გულწრფელად ხიბლავთ სხვადასხვა სახის ადამიანებთან ერთად თანაარსებობა – იმ ადამიანების ჩათვლითაც კი, რომლებიც არ ეთანხმებიან მათ ან რადიკალურად განსხვავებული სტილით ცხოვრობენ. არ არის გასაკვირი, რომ თავგადასავლების მაძიებლები მზად არიან აზრების შეცვლისა და საკუთარი შეხედულებების გადაფასებისთვის. თუ კი რომელიმე ხასიათის ტიპის ადამიანებს სწამთ რაღაცისთვის (ან ვიღაცისთვის) მეორე შანსის მიცემის, ესენი სწორედ თავგადასავლების მაძიებლები არიან.
თუმცა თავგადასავლების მაძიებლების "მიჰყევი დინებას" ტიპის მენტალიტეტს შესაძლოა ჰქონდეს უარყოფითი მხარეები. ამ ტიპის ხასიათის მქონე ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მიყოლაზე. შედეგად, თავგადასავლების მაძიებლები ხშირად სათანადოდ ვერ აცნობიერებენ მიზნების მიღწევის უნარს, რომელიც აქვთ და ხშირად ღელავენ სხვებისთვის იმედების გაცრუებაზე. მათ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ცხოვრების წესში ცოტაოდენი წყობის შეტანა ეხმარებათ იმაში, რომ თავი უფრო ქმედუნარიანად და ორგანიზებულად იგრძნონ – მათი დამოუკიდებელი სულის შელახვის გარეშე.
ჰარმონიული ცხოვრება
ურთიერთობების თვალსაზრისით, თავგადასავლების მაძიებლები თბილი, მეგობრული და მზრუნველები არიან, რომლებიც სრულ სიამოვნებას იღებენ უახლოეს და ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნით. მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს ხასიათის ინტროვერტული ტიპია, რაც გულისხმობს იმას, რომ თავგადასავლების მაძიებლებს განმარტოება ესაჭიროებათ ენერგიის აღსადგენად სხვებთან სოციალიზაციის შემდგომ. ეს დრო მათ საშუალებას აძლევს აღიდგინონ საკუთარი იდენტობის შეგრძნება – მოკლედ რომ ვთქვათ, დაუკავშირდნენ საკუთრ მეს.
კრეატიული და თავისუფალი ხასიათის მქონე თავგადასავლების მაძიებლები იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ ანაღვლებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. თუმცა საქმე შემდეგია – ისინი საზრიანი და გამჭრიახები არიან, შეუძლიათ მარტივად აღიქვან ადამიანების გამოუხატავი გრძნობები და მოსაზრებები და შეიძლება განაწყენდნენ იმ შემთხვევაში, თუ თავს დაფასებულად და აღიარებულად ვერ გრძნობენ. როდესაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდებიან, ეს შეიძლება იყოს გამოწვევა ამ ტიპის ადამიანებისთვის, რომ არ იმოქმედონ იმპულსურად. თუ ისინი მკაცრ ან ერთი შეხედვით უსამართლო კრიტიკას წააწყდებიან, ისინი შეიძლება ყველას დასანახად გამოვიდნენ წყობილებიდან.
თუმცა კარგი ამბებიცაა: თავგადასავლების მოყვარულები აწმყოთი ცხოვრობენ და აცნობიერებენ, რომ არ სჭირდებათ წარსულ გულისტკენასა და იმედგაცრუებებზე ფიქრი. ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირდნენ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სხვანაირად, ხასიათის ამ ტიპის მქონე ადამიანები ფლობენ გასაოცარ უნარს, დააფასონ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. სადაც არ უნდა წაიყვანო ისინი, მათ შეუძლიათ ყველგან აღმოაჩინონ რაღაც ლამაზი და სასიამოვნო, რაც შეიძლება სხვას შეუმჩნეველი დარჩეს – ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ ნიჭთაგან, რომელსაც სამყაროს უზიარებენ.